ანსამბლის შესახებ

სახელწოდება “ბასიანი” ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი რეგიონიდან მომდინარეობს. ეს მხარე ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე, ქალაქ ერზრუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით იმყოფება. 1203 წელს სწორედ აქ მოხდა საქართველოს სამეფო ლაშქრის სახელოვანი ბრძოლა თურქების წინააღმდეგ. მოპოვებულმა გამარჯვებამ კიდევ უფრო განამტკიცა იმდროინდელი საქართველოს პოზიციები ახლო აღმოსავლეთში.

საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი “ბასიანი” ჩამოყალიბდა 2000 წელს, უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ანსამბლი ,,ბასიანი” თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო მგალობელთა გუნდის შემადგენელი ნაწილია და პატრიარქის მიერ ყოველ აღვლენილ ღვთისმსახურებაში მონაწილეობს.

ბასიანი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მომღერლებით საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათი უმრავლესობა ტრადიციულ მომღერალთა ოჯახის წარმომადგენელია. ამასთან ერთად, ანსამბლის წევრებს ბავშვობიდან აქვთ გავლილი საშემსრულებლო სკოლა ხალხური სიმღერის სხვადასხვა ანსამბლში.

წევრები:

ირაკლი ტყვაცირია - პირველი ხმა
ბეჟან მესხი - პირველი ხმა
შოთა აბულაძე - პირველი ხმა
ელიზბარ ხაჩიძე - კრიმანჭული
გიორგი გაბუნია - კრიმანჭული, გამყივანი
პაატა ცეცხლაძე - მეორე ხმა
გელა დონაძე - მეორე ხმა
სერგო ურუშაძე - მეორე ხმა
გიორგი ხუნაშვილი - მეორე ხმა
გიორგი მექვაბიშვილი - ბანი
ზურაბ მექვაბიშვილი - ბანი
ლაშა მეტრეველი - ბანი
ბათუ ლომინაძე - ბანი
ზურაბ წკრიალაშვილი - ბანი
გიორგი დონაძე - ანსამბლის ხელმძღვანელი

"ბასიანი" ასრულებს ქართულ ხალხურ სიმრერებსა და ტრადიციულ საგალობლებს, შეისწავლის და აცოცხლებს მათ უნიკალური საარქივო ფონო და სანოტო ჩანაწერებიდან. ეწევა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. 11 წლის მოღვაწეობის მანძილზე, სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მიწვევით, ანსამბლმა იმოგზაურა და კონცერტები გამართა მრავალ ქვეყანაში: კვიპროსში, უკრაინაში, საფრანგეთსა და შვეიცარიაში, ტუნისში, თურქეთში, ბელგიაში, ლიტვაში, ესპანეთში, პორტუგალიაში, ინგლისში, შეერთებულ შტატებში და სხვა. "ბასიანი" მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნების გამოჩენილ ეთნომუსიკოლოგებთან.