უცხოელები

იგორ სტრავინსკი:
 ბოლო დროის ჩემი ერთ-ერთი უძლიერესი მუსიკალური შთაბეჭდილება შონბერგის “იაკობის კიბე” და ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერის ჩანაწერებია... მუსიკის აქტიური შესრულების ეს ტრადიცია, სათავეს უძველესი დროიდან რომ იღებს, შესანიშნავი მიგნებაა, რომელიც შესრულებისათვის გაცილებით უფრო მეტს იძლევა, ვიდრე თანამედროვე მუსიკის ყველა მონაპოვარი... იოდლი, რომელსაც საქართველოში კრიმანჭულს ეძახიან, საუკეთესოა მათ შორის, რაც კი ოდესმე მომისნმენია.

რომენ როლანი:
 მე მუსიკოსი ვარ, მრავალი ხალხის სიმღერა მომისმენია, მაგრამ ასეთ ბრწყინვალებას არსად შევხვედრივარ.

ბორის ასაფიევი:
 ხალხური მრავალხმიანობა აცვიფრებს და ქედს ახრევინებს ადამიანს ქართველი ხალხის მუსიკალური გენიის წინაშე.

ჯორჯ ბალანჩინი:
 ...ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში გურული კრიმანჭული. ეს რა უაღრესად პოლიფონიური სიმღერა მოვისმინე?! დიდი კულტურის მქონე უნდა იყოს ხალხი, რომ შექმნას ასეთი რთული მუსიკალური ნაწარმოები.

მსტისლავ როსტროპოვიჩი:
საქართველოში მღერის ყველაფერი: ადამიანები, მთები, მდინარეები, ცა და მიწა... მღერიან მშვიდობაზე და ომზე, სიყვარულზე, კერიაზე... უმღერიან დედას, სატრფოს, უმღერიან მეგობარს, ძმას... მღერიან ორნი, სამნი, მღერიან მძლავრ გუნდად. ქართული სიმღერა საოცრად ლამაზია, სევდიანია და მხიარული, ძალმოსილია და ალერსიანი, მრავალხმიანობის მხრივ ანალოგი არ მოეპოვება, ყოვლისმომცველია და ნატიფი, ერთხელაც რომ გაიგონო, მარადიულობას გაგრძნობინებს!