საქართველო ტრადიციული მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანაა. პირველად აქ ქრისტიანობა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა, ხოლო სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა IV საუკუნეში, მოციქულთასწორი ქალის, წმინდა ნინო კაპადოკიელის ქადაგებითა და მეფე მირიანის ძალისხმევით გამოცხადდა. მას შემდეგ საქართველო მართლმადიდებლური ქვეყანაა.
ქართული საეკლესიო საგალობელი დღემდე არქაული მუსიკალური ენით გამოირჩევა. მასში ზოგადქრისტიანული ესთეტიკა ქართულ ეროვნულ მუსიკალურ ენას ორგანულად ერწყმის.
ბიზანტიური გალობა საქართველოში შემოსვლისას მალევე "ითარგმნა" ქართულ მუსიკალურ ენაზე, რამაც, პირველ რიგში გალობის გასამხმიანება გამოიწვია. XII საუკუნის ქართველი რელიგიური ფილოსოფოსის იოანე პეტრიწის მოსაზრებით, მუსიკალური სამხმიანობა ყოვლადწმინდა სამების ერთიანობის ერთ-ერთი სიმბოლოა.
ქართულ საგალობელმა ჩვენამდე მრავალი სიძნელის გადალახვის შედეგად მოაღწია. საბაწმინდას (საბა განწმენდილის დაარსებულ) მონასტერში VI საუკუნეში ქართველები უკვე ქართულ ენაზე აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას.
X საუკუნიდან ქართული საგალობლები მუსიკალური ნიშნებით ე.წ. "ნევმებითაა" აღნიშნული, რაც მგალობლებს ეხმარებოდა შესაბამისი მელოდიის გახსენებაში. ასეთი სამუსიკო დამწერლობა მკაფიოდ განსხვავდება ბიზანტიურისაგან.
XIX საუკუნის დასაწყისიდან - მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა და ეკლესიებში ქართული გალობა რუსული ე.წ. "პარტესული გალობით" შეცვალა, ქართული გალობის ტრადიციას საფრთხე დაემუქრა. ამ დროს დიდი ღვაწლი აიღეს თავიანთ თავზე ქართველმა მოღვაწეებმა: ძმებმა კარბელაშვილებმა, დუმბაძეებმა, რაჟდენ ხუნდაძემ, ფილიმონ ქორიძემ, ექვთიმე კერესელიძემ და სხვებმა. ნოტებზე აღიბეჭდა ქართული გალობის 8000-მდე ნიმუში.
ქართული გალობა მართლმადიდებლურ სამყაროში თავისი ორიგინალური წყობით და სტილით მკაფიოდ განსხვავდება ბიზანტიურ - ბერძნული და რუსული სამგალობლო სტილებისაგან.
ქართული საგალობელი ორ შტოდ იყოფა: დასავლურ - იმერულ-გურულ და აღმოსავლურ - ქართლ-კახურ სტილებად, რომელთაც სრული შინაგანი ერთიანობა ახასიათებს. იმერულ-გურულ შტოს წარმოადგენს გელათისა და შემოქმედის მონასტრების სამგალობლო სკოლის ნიმუშები. საინტერესოა, რომ შემოქმედის სკოლის საგალობლების დიდი უმეტესობა შემოგვინახა ცნობილმა მომღერალ-მგალობელმა არტემ ერქომაიშვილმა, რომელმაც 108 საგალობლის სამივე ხმა XX საუკუნის სამოციან წლებში ორი მაგნიტოფონის დახმარებით ჩაწერა.
ქართლ-კახური გალობის ანუ - "კარბელაანთ კილოს" დაფიქსირება მთლიანად ძმები კარბელაშვილების დამსახურებაა.
შემორჩენილია სხვადასხვა დროს ჩაწერილი რამდენიმე სვანური, რაჭული, მეგრული სტილის საგალობლებიც, რომლებიც საერთო ქართული სტილის წიაღში თავსდებიან.
საინტერესოა, რომ როგორც ქართლ-კახური, ასევე იმერულ-გურული საგალობლები ჩვენამდე მოღწეულია სირთულის მხრივ ორი ვარიანტით: "სადა" - მარტივი და "გამშვენებული" - რთული სახით.
ქართული საეკლესიო საგალობელი თავისი ორიგინალური სამხმიანი წყობითა და ინტონაციით დღესაც მართლმადიდებელი ეკლესიის სამსახურშია.